გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს, ანდრეი დანკოს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერის საჭიროებას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.
შეხვედრაზე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში, ევროპის საბჭოს, ნატოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი ხშირად დაისვას და შენარჩუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რადგან რუსეთმა საქართველოს მცოცავი საოკუპაციო რეჟიმი უკვე აშკარა ანექსიაში გადაზარდა.
ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორების აქტიური მონაწილეობის გადამწყვეტ როლს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები – მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე და ადა მარშანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები