დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ექიმი ქართველმა პატიმრებმა სასტიკად სცემეს?!

“დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ექიმი ქართველმა პატიმრებმა სასტიკად სცემეს?!” – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, საბერძნეთის მართლმსაჯულება სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის ანგიოქირურგს, დიმიტრის პელეკასს განაჩენს წელიწად-ნახევარში გამოუტანს. „თესალონიკში მდებარე კლინიკა “ჰიპოკრატეში” 36 წლის დიანა ბერიძე (ჩამჩიდი) მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.
ცხრადღიანი ძებნის შემდეგ, ცელოფანში გახვეული ქალის ცხედარი სამართალდამცველებმა თესალონიკიდან 140 კილომეტრის მოშორებით, ნახევარკუნძულ ქალკიდიკეზე, პატარა ქალაქ პოლიიროსში ორმოში ჩაგდებული იპოვეს. ექიმი დიმიტრის პელეკასი დაკავების დღესვე ბრალდებულად ცნეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თუ მისი დანაშაული დამტკიცდა, ანგიოქირურგს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამ საქმეზე კიდევ ორი ექიმია დაკავებული. დიანა ბერიძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ექიმს პაციენტი ოპერაციის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი, დანაშაულის დასაფარად, ცხედარი გადამალა. პელეკასი თესალონიკის “დიავატას” ციხეში გადაიყვანეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა პატიმრებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც ექიმი ცალკე იზოლატორში მოათავსეს“, -წერს გამოცემა.
„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაიანა ბერიძის მამიდა ნარგიზა ბერიძე აცხადებს, რომ დაკავებულია კიდევ ორი ექიმი, რომლებმაც ყალბი დოკუმენტები გააფორმეს, თითქოს დიანა ბერიძეს გული აწუხებდა.
„საცოდავი გოგო ისე იყო დასახიჩრებული, არ შეეხედებოდა, ქმარმა ძლივს ამოიცნო.ოპერაციის დღეს იმ გარეწარს დიანასთვის უთქვამს, წამალი მოიტანეო, გოგოს აფთიაქები დაუვლია და ვერსად უშოვია. კარგი, მე დაგახვედრებო. ახლა იკვლევენ, რა დოზით შეუშვა მის ორგანიზმში. ანესთეზიოლოგიც თვითონ იყო და ქირურგიც.დაკავებულია კიდევ ორი ექიმი, რომლებმაც ყალბი დოკუმენტები გააფორმეს, თითქოს დიანას გული აწუხებდა. ალბათ, იმის დამტკიცება უნდათ, რომ ოპერაციის დროს გულმა უმტყუნა. არადა, არაფერი აწუხებდა. ეს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო“,-აცხადებს ნარგიზა ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები