“ადვოკატი „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ამხელს”

„ადვოკატი ნუგზარ ბირკაია „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ამხელს“ ! – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს ყოფილ მოსამართლესთან და ამჟამად ადვოკატთან, ნუგზარ ბირკაიასთან ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს.
ნუგზარ ბირკაიას მიაჩნია, რომ ზაზა ხატიაშვილს, როგორც ადვოკატს, უფლება არ აქვს პოლიტიკური განცხადებები აკეთოს.
„ზაზა ხატიაშვილს 4 ათასი ადვოკატის სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს და ის ვერავის გაფიცავს! „ადვოკატთა ასოციაცია“ პოლიტიზებული ორგანიზაციაა და ამისკენ მას ზაზა ხატიაშვილი უბიძგებს! ხატიაშვილისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური განცხადებების კეთება ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ის ძალიან თავისებური ადამიანია. ხატიაშვილი არათუ პოლიტიკურ, არამედ ჩემთვის მიუღებელ განცხადებებს აკეთებს! მაგალითად, 2016 წლის 10 მაისს „რუსთავი 2“-ის ეთერში ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა: „მე მინდა, მივმართო შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს, ნუ მაიძულებთ, რომ ორივე გადაგაყენოთ, გავფიცო ადვოკატთა კორპუსი!” ზაზა ხატიაშვილი ლაპარაკობს მთელი ადვოკატთა კორპუსის სახელით, რისი უფლებაც არ აქვს, ასეთი მანდატი ზაზა ხატიაშვილისთვის არავის მიუცია!“ – აცხადებს ნუგზარ ბირკაია.
ადვოკატი ნუგზარ ბირკაია გამოცემასთან საუბარში 2013 წლის 8 დეკემბრის ყრილობას იხსენებს და ზაზა ხატიაშვილს „ადვოკატთა ასოციაციის“ მონოპოლიაში ამხელს.
„დღეს საქართველოში ზაზა ხატიაშვილის „ადვოკატთა ასოციაცია“ მონოპოლისტის მდგომარეობაშია, რადგან მას აქვს უფლება, ამა თუ იმ პირს ადვოკატის სტატუსი მიანიჭოს, შეუწყვიტოს ან საქმიანობის უფლება შეუჩეროს! ეს დაუშვებელია!”, – ამბობს ნუგზარ ბირკაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები