„ექიმი საავადმყოფოდან დიდი ჩანთით გამოვიდა, მანქანაში ჩადო და წავიდა“ – ქართველი ემიგრანტის მკვლელობის ახლი დეტალები

“ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალა ადასტურებს, რომ ექიმმა იმ დღეს მორიგეობა მიატოვა, საავადმყოფოდან დიდი ჩანთით გამოვიდა, მანქანაში ჩადო და წავიდა”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ათენში მოქმედი ადვოკატი ნანა აბულაძე აცხადებს.
​როგორც გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს, საბერძნეთის მართლმსაჯულება სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის ანგიოქირურგ დიმიტრის პელეკასს განაჩენს წელიწად-ნახევარში გამოუტანს. თესალონიკში მდებარე კლინიკა “ჰიპოკრატეში” 36 წლის დიანა ბერიძე (ჩამჩიდი) მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. ცხრადღიანი ძებნის შემდეგ, ცელოფანში გახვეული ქალის ცხედარი სამართალდამცველებმა თესალონიკიდან 140 კილომეტრის მოშორებით, ნახევარკუნძულ ქალკიდიკეზე, პატარა ქალაქ პოლიიროსში ორმოში ჩაგდებული იპოვეს. ექიმი დიმიტრის პელეკასი დაკავების დღესვე ბრალდებულად ცნეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თუ მისი დანაშაული დამტკიცდა, ანგიოქირურგს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
​ამ საქმეზე კიდევ ორი ექიმია დაკავებული. დიანა ბერიძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ექიმს პაციენტი ოპერაციის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი დანაშაულის დასაფარად, ცხედარი გადამალა. პელეკასი თესალონიკის “დიავატას” ციხეში გადაიყვანეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა პატიმრებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც ექიმი ცალკე იზოლატორში მოათავსეს.
„ოპერაციის დღეს, ექიმი დიანას მესიჯებით ეკონტაქტებოდა. საბერძნეთის პოლიციამ ქალის ფეისბუქის გვერდიდან მისი და ექიმის მიმოწერა ამოიღო. 26 აპრილს 6-ის 20 წუთზე დიანა ექიმს უგზავნის შეტყობინებას, რომ საავადმყოფოში მოვიდა, რაზეც ექიმი პასუხობს,10 წუთში მანდ ვიქნები, შემოდიო. ეს ადასტურებს, რომ დიანა იქ მართლაც მივიდა. 3 საათის შემდეგ, პაციენტს კვლავ უგზავნის შეტყობინებას, რატომ არ მოხვედიო,როგორც ჩანს, კვალის ასარევად მესიჯი გაგზავნა ( (თითქოს პაციენტი არ მივიდა).
​ექიმი 10 მაისს დაკითხეს, მანამდე პოლიციაში მიდიოდა და ვითომ მომხდარით შეძრული, დროს ითხოვდა. დაკითხვაზე კი განაცხადა, ჩვენ ფლირტი გვქონდა, დიანა საავადმყოფოში მოვიდა, შემატყობინა, რომ რაღაც შეემთხვა და სანამ ჩავიდოდი, წავიდაო. პროკურორის კითხვაზე , 27 აპრილს ავტომანქანა ორჯერ რატომ გარეცხეთო ( პოლიციასთან პირველი საუბრის მერე, ხელახლა გარეცხა), უპასუხა, სისუფთავე მიყვარს და ხშირად ვრეცხავო. შემდეგ კითხვაზე, 26 აპრილს, ღამის 12-ის ნახევარზე ანძები შენსა და დიანას ტელეფონებს ქალქიდიკეში რომ აფიქსირებს, ამას როგორ ახსნითო, უპასუხა, არ ვიცი, შესაძლოა, ქალი უკან გამომყვა,შემამოწმა ან ვიღაცამ დამაშანტაჟა, ვისაც დიანას ტელეფონი მანქანაში ედო და უკან გამომყვაო. რატომ უნდა ნდომოდა ვინმეს მისი დაშანტაჟება, ექიმი ვერ ხსნის. იგი იმასაც უარყოფს, რომ დიანას ოპერაცია გაუკეთა.
პროკურორი დაინტერესდა, სხვა პაციენტებსაც ხომ არ ჰყავდათ შემჩნეული ექიმი არაკორექტულ საქციელში და მართლაც, მოწმედ დაკითხულმა ალბანელმა ქალმა განაცხადა, რომ ექიმმა მასზე ძალადობა სცადა. დიანა ბერიძის ორგანიზმში ისეთი წამლის დიდი დოზა აღმოჩნდა, რომელსაც მხოლოდ საავადმყოფოებში თუ იყენებენ. ერთი ვერსიით, ექიმებს ან შეცდომა მოუვიდათ, პაციენტი დაეღუპათ და მერე გვამი მოიშორეს, ან დიმიტრის პელეკასმა სპეციალურად მისცა ქალს რაღაც საშუალება, მაგრამ რა მიზნით, დასადგენია.
ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალა ადასტურებს, რომ ექიმმა იმ დღეს მორიგეობა მიატოვა, საავადმყოფოდან დიდი ჩანთით გამოვიდა, მანქანაში ჩადო და წავიდა. ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ექიმის მანქანის საბარგულში დიანას დნმ უკვე აღმოაჩინეს“, -აცხადებს ნანა აბულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები