“საპარტნიორო ფონდმა“ და ჩინურმა CEFC-მა „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ შექმნის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია “CEFC”-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ, ჩინური მხრიდან კი კომპანია “CEFC” გენერალურმა დირექტორმა, წანგ ძიენძუნმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის მსვლელობის პროცესში შედგა. ფორუმს მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ლიდერი, 130-მდე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 60-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტისა და 92 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
დოკუმენტით, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა. „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა – ეს ის სფეროებია, რაშიც ახლადშექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მლნ. დოლარია.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საპარტნიორო ფონდისა და ჩინური კომპანია “CEFC”-ის მიერ დაფუძნებული „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება. გაჩნდება საინტერესო პროექტების დაფინანსებისთვის ახალი სივრცე და ახალი ფინანსური ინსტრუმენტი. ფონდი შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას. ამ დროისთვის, მისი საწესდებო კაპიტალი 50 მლნ. დოლარია. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი და ინვესტიციების მოზიდვის სერიოზული წინაპირობა“, – აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.
შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია “CEFC” -თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური მემორანდუმი ჯერ კიდევ 10 თვის წინ გააფორმა, რომლის თანახმადაც, მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ. მოლაპარაკებები პეკინში ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, დასრულებულია.
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები გიორგი დანელია და ცისია ფანჩვიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის „ექსპორტისა და კრედიტის დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის“ პრეზიდენტთან. ასევე, იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება ჩინურ Zeustar Construction Holdings – თან, რაც ლოჯისტიკური პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.
„ენერგეტიკის ფინანსირების კომპანია“ (“CEFC China”) არის მსხვილი კერძო კომპანია, რომელიც ენერგეტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში ოპერირებს. კომპანიის ძირითად საქმიანობას და სტრატეგიას ენერგოსექტორში საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კარგად ორგანიზებული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის ჩამოყალიბება წარმოადგენს. კომპანია ოპერირებს აზიისა და ევროპის ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორებიცაა: სინგაპური, ჰონკონგი, ტაილანდი, რუმინეთი ჩეხეთი და ა.შ.

კომპანიის შემოსავლებმა გასულ წელს 263,1 მილიარდზე მეტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები