გახმაურებული საქმეების პროკურორმა მოსამართლეობის გასაუბრება ვერ გაიარა

გახმაურებული საქმეების პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა სურდა, გასაუბრება ვერ გაიარა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, განცხადება ბოლო წლების რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა მეორედ შეიტანა.
ჯვარშეიშვილი ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორი იყო, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აქვთ წაყენებული. ის ასევე მუშაობდა ბაჩო ახალაიას ბრალდების საქმეზე, სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მაია ჯვარშეიშვილი ამჟამად პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორია. მას წარსულში მოსამართლედ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის სასამართლო სისტემაში 2010 წლამდე მუშაობდა. ჯვარშეიშვილს განაცხადი მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 2013 წელსაც ჰქონდა შეტანილი.
ამ წუთებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს. დღეს სულ 77 კანდიდატს უყრიან კენჭს.
შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან, 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა დიდი ნაწილი, მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება, გარდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები