ნინო გვენეტაძე – მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება დაეხმარება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას

“მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება დაეხმარება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას”, – ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
გვენეტაძის თქმით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან და სასამართლო, თავის მხრივ, ცდილობს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებას.
„კოალიცია მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან. საბჭო იწვევს მესამე სექტორს და ჩვენ ვცდილობთ რეკომენდაციების გათვალისწინებას. საქმიანი დიალოგი აუცილებლად გადაინაცვლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც შეხება სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, ვფიქრობ, სამომავლოდ მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება დაეხმარება ამ პრობლემების აღმოფხვრას და ამაში არასამთავრობოთა კოალიციასაც დიდი როლი აქვს.
ჩვენ განხილული გვაქვს ყველა ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ შენიშვნა. რეფორმის მესამე ტალღის შედეგად, საქმეთა ელექტრონულად გადანაწილება მესამე სექტორის მონაწილეობით შემუშავდა. ამის ამოქმედებას წინ აღარაფერი უდგას, წლის ბოლომდე, საერთო სასამართლო სისტემაში დაინერგება“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მასპინძლობს საჯარო ფორუმს, რომელიც ეძღვნება სასამართლო სისტემის გამოწვევებს და რეფორმებს.
ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის საკითხების უკეთ გააზრებას, მათ შორის ხელისუფლების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების, პრაქტიკოსი იურისტების და ჟურნალისტების მონაწილეობით.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეხვედრაზე კვლევის შედეგებს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს რეფორმების ანალიზს, მიმოიხილავს სასამართლო სისტემაში უკანასკნელ ტენდენციებს, განიხილავს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესს, გამოსაცდელ ვადას და უვადოდ დანიშვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები