ლატვიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიებები გაიმართა

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივით და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს საელჩომ გამართა ღია კარის დღე და უმასპინძლა ლიტვის ხვადასხვა ქალაქების სკოლის დამამთავრებელი კლასების 47 მოსწავლეს.
მოწვეულ სტუმრებს საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები. მოწვეული სტუმრები ასევე გაეცნენ საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციების დასასრულს საელჩო სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმსაპინძლდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს საქართველოს საელჩომ ასევე მონაწილეობა მიიღო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს შენობაში, განთავსდა საქართველოს სტენდი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს, საელჩოების წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ზანდა კალნინა- ლუკაშევიცამ მიმართა და მადლობა გადაუხადა საელჩოებს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობისათვის. აღინიშნა, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განთავსებული ქართული სტენდი ყველაზე მეტმა სტუმარმა მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები