ქართველ „კანონიერ ქურდს“ რუსეთში 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის ალტაის მხარის სასამართლომ ქართველ “კანონიერ ქურდს”, მამუკა ჭკადუას, მეტსახელად „მამუკა გალსკის“ 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პირველად რუსეთის სასამართლოს ისტორიაში, დანაშაულებრივი სამყაროს მაღალი იერარქიის პირს პატიმრობა მიუსაჯეს დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის მუხლით. 46 წლის ჭკადუასთან ერთად, კიდევ 20 პირი გაასამართლეს.
გამოძიების ინფორმაციით, „მამუკა გალსკიმ“ 2012 – 2013 წლებში ალტაის მხარის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა და მას სათავეში ჩაუდგა. დაჯგუფებაში კიდევ უფრო მცირე “ქვედანაყოფები” შედიოდნენ და თითოეულ მათგანს ჭკადუას დაქვემდებარებაში მყოფი პირები ხელმძღვანელობდნენ.
ეს დაჯგუფებები გამოძალვით, რეკეტით და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. მათი ინტერესის სფეროში ტვირთების გადამზიდავი კომპანიები და ტაქსის მძღოლები შედიოდნენ, თუმცა ისინი სხვა ბიზნესის წარმომადგენლებთანაც „მუშაობდნენ“.
დაჯგუფება „პრობლემური სესხების“ დაბრუნებითაც იყო დაკავებული, თანაც მათ მიერ აღებული თანხები სესხის ოდენობას ბევრჯერ აღემატებოდა. თუ მევალე ვერ იხდიდა, დაჯგუფება, ძალისმიერი გზით, მის ქონებას ეუფლებოდა.
სისხლის სამართლის საქმე 120 ტომს ითვლის. ბრალდების საქმე კი 23 ათასი გვერდიდან შედგებოდა. დანაშაულებრივი საქმიანობით 50-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაჯგუფების წევრები გამოძიების პერიოდში გამომძიებლებს და მოსამართლეებსაც ემუქრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები