პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ტყიბულში დაღუპული 4 მაღაროელის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამივე პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი 19 მაისამდე გადაიდო.
დაკავებულთა ადვოკატის, ანა ნასრიშვილის განცხადებით, მიზეზი სასამართლო სხდომაზე შს სამინისტროს მიერ ვიდეომტკიცებულებების წარდგენა გახდა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს მტკიცებულებათა გასაცნობად, დრო სჭირდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეც. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ უბედური შემთხვევის ფონზე, გარდაცვლილთა ახლობლების დაკავება ამორალურია.
„ამ ადამიანებმა, ვინც დაკავებულები იყვნენ, დაკარგეს ძმები და ბუნებრივია, ემოციებთან დაკავშირებით, არსებობს ახსნა. აქედან გამომდინარე, მათი დაკავება, მათი გასამართლება და ასე შემდეგ იმ დროს, როდესაც ყველაფერი გაკეთდა ამ სახელმწიფოში იმისთვის, რომ კაპიტალს ებატონა, იმისთვის, რომ ასე უბრალო მდგომარეობაში, ხალხი იქნას დაშავებული და გარდაცვლილი, ვფიქრობ, ამორალურია,“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
აქციის 3 მონაწილე პარლამენტის შენობასთან გუშინ დააკავეს. ისინი ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობას აპროტესტებდნენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები