თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ფოტოგრაფების საქმის მორიგი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ფოტოგრაფების საქმის მორიგი განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ე.წ მოდულის დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები იკითხებიან.
​როგორც პროცესზე დაკითხვისას ე.წ. მოდულის დროებითი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელმა, ვახტანგ იმედაშვილმა განაცხადა, შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, შოთა ხიზანიშვილი მას ავალებდა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფებთან საშვის გარეშე შემსვლელები ჟურნალში არ გაეტარებინა.
​დღეს ბრალდების მხარე კიდევ 2 პირს დაკითხავს, რომლებიც ე.წ. მოდულის შენობაში მუშაობდნენ, როდესაც 2011 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით, 4 ფოტოგრაფი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ. ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
​ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე, ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება. რაც შეეხება შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, შოთა ხიზანიშვილს, მას ფარული მოსმენების საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები