სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში – შალვა გოგოჭური ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ნოემბერში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს, შალვა გოგოჭურმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, კერძოდ, მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივი ბეჭედი და თაბახის ფურცლებზე შესრულებული ხელმოწერები გადასცა მის თანაშემწეს, მერი მთიულიშვილს, რომელმაც 700 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის სამი ყალბი ცნობა და გადასცა მოქალაქეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 2016 წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერი მთიულიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შალვა გოგოჭური პასუხისგებაში მიეცა და მას შესაბამისი ბრალდება წარედგინა.
გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები