ნანა კაკაბაძე მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, მამა გიორგის ადვოკატებს პროკურატურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. კაკაბაძის განმარტებით, პროკურატურა მიზანმიმართულად ფარავს იმ ადამიანებს, ვინც შესაძლოა, ამ საქმის მონაწილეები იყვნენ და ამაში მას სწორედ ადვოკატები ეხმარებიან.
როგორც უფლებადამცველმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ჩანაწერებში ნათლად ჩანს, როგორ საუბრობს მამა გიორგი მრავლობით პირში, თუმცა, ამის მიუხედავად, ის სასამართლოს წინაშე მარტო წარსდგა, რადგან კაკაბაძის თქმით, გამოძიებამ ამ ადამიანების ძიების საკითხი სწორედ იმიტომ გამოყო ცალკე საქმედ, რომ იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამის უკან დგას, საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდეს.
„ 109-ე მუხლი მამა გიორგის დაუმძიმდა იქედან გამომდინარე, რომ მკვლელობის მცდელობა თურმე ანგარების მიზნით იყო, მაგრამ არ კონკრეტდება, რა ანგარება შეიძლება ჰქონოდა მამა გიორგის იმისათვის, რომ მას ან შორენა თეთრუაშვილი მოეკლა ან პატრიარქი, რას მიიღებდა ის ამით, ძალიან ბუნდოვანია. მას ამით არანაირი სარგებელი არ შეიძლებოდა მიეღო, თუკი ამ პროცესში იყო ისეთივე მარტო, როგორც დღეს სასამართლოს წინაშეა. მას არ შეეძლო მარტოს მოეფიქრებინა, დაეგეგმა და განეხორციელებინა ეს სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში მამა გიორგი პირდაპირ საუბრობს, რომ ის არ არის მარტო, საუბრობს მრავლობითში ამბობს ფრაზებს „ჩვენი მიზანია“, „ჩვენ გვინდოდა“, „ჩვენ გვსურს“, „ისინი თანხას გადმომირიცხავენ“ , „მათ ასე უნდოდათ“… ის მრავლობითში საუბრობს იმ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობის საკითხი არც დაცვის მხარეს დაუყენებია. პროკურატურას ეს რომ გამოეძიებინა, ნათელი გახდებოდა, ვინ გეგმავდა ამას და ვის რა ფუნქცია ჰქონდა ამ საქმეში. დღეს როდესაც ყველაფერი მასზეა მიწერილი, ნებისმიერ პროცესზე გაჭირდება დამტკიცება, რომ ეს ერთი პირი იყო ამ ყველაფრის შემოქმედი და მის გვერდით არავინ იდგა. ეჭვს იწვევს ისიც, რომ თითქოსდა, ამ მრავლობით რიცხვზე გამოძიება ცალკე გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ გამოძიებამ სწორედ იმიტომ გამოყო ცალკე საქმედ ეს, რომ იმ ადამიანების ვინაობა არ გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, ვინც ამის უკან დგას. მამა გიორგის პატიმრობაში აყვანამდე, გამოძიებას ჰქონდა საშუალება, ამ პირთა წრე გამოევლინა და მას მერე დაეკავებინათ მამა გიორგი. ვფიქრობ, თავდაპირველადვე, ჩაფიქრებული იყო, რომ მართლმსაჯულების წინაშე მარტო მამა გიორგი წარმგარიყო და ამ საქმეში მყოფი სხვა პირები არ ყოფილიყვნენ მართლმსაჯულებისთვის წარდგენილი“,- აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
​კაკაბაძის თქმით, პროკურატურის თამაშს თამაშობენ მამა გიორგის ადვოკატებიც, რომელებიც მისივე თქმით, შესაძლოა, სწორედ იმ ადამიანების წარმომადგენლები იყვნენ, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდნენ და ვის ვინაობასაც ფარავენ.
​ნანა კაკაბაძე ადვოკატების დაცვის სტრატეგიაზე საუბრობს და მათი პროკურატურასთან თანამშრომლობის ვერსიის გასამყარებლად, რამდენიმე ფაქტს იხსენებს.
„ადვოკატები და პროკურატურა ფაქტობრივად, ერთსა და იმავე თამაშში არიან ჩართული. ისინი როლებს ინაწილებენ. ადვოკატები ფაქტობრივად, ზოგჯერ პროკურატურას, ზოგჯერ კი იმ სხვა დანარჩენ პირებს იცავენ, ვისზედაც მამა გიორგი ჩანაწერში საუბრობს. პროკურატურის დაცვა გამოიხატება იმაში, როდესაც გადაცემებში ამბობენ, რომ „თურმე, ციანიდი პროკურატურას კი არ ჩაუგდია, არამედ სხვა უწყებამო“. ამ “სხვა უწყებაში” ისინი უსაფრთხოების სამსახურს გულისხმობდნენ და დასძენდნენ, რომ პროკურატურამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. რატომ დაუმალავდა ამას სუსი პროკურატურას? ჩემი აზრით, ეს ადვოკატები თანამშრომლობენ პროკურატურასთან და ისინი გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად საუბრობენ იმაზე, რაც პროკურატურის ინტერესებშია. დაცვის მხარეს არც იმ იარაღზე მოუთხოვია დნმ-ის ჩატარება, რომელიც მამა გიორგის სახლიდან ამოიღეს. მათ თქვეს, რომ იარაღი თურმე ჩაგდებული კი არ იყო, დიახ ეს იარაღი იყო იმ სახლში, ოღონდ ეკუთვნოდა ირაკლი მამალაძესო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდება გაამყარეს ამით. ეს ამტკიცებს, რომ ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობენ. ისინი არ იცავენ მამა გიორგის და თანამშრომლობენ პროკურატურასთან. ისინი არიან იმ ადამიანების გამოგზავნილი და წარმომადგენლები, ვისზეც მამა გიორგი ჩანაწერში საუბრობს. სასამართლო პროცესის დახურვა განპირობებული იყო იმით, რომ დაფარული ყოფილიყო იმ პირთა წრე, რომელზეც მამა გიორგი თავის ჩანაწერში საუბრობს“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები