ჯოხაძეების „საძმოს“ შურისძიება? – ჯავახიშვილის ქუჩაძე მომხდარი მკლელობის დეტალები

“ჯოხაძეების „საძმოს“ შურისძიება?” – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ 3 მაისს ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 26 წლის გიორგი შარაშენიძე საკუთარ ავტომანქანაში ავტომატით ჩაცხრილეს, როდესაც იგი სახლთან, სადაც ბინა ჰქონდა ნაქირავები, მანქანას აჩერებდა. მეზობლებმა დაჭრილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა.
​შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა 13 მასრა და 5 ტყვიის გულას ფრაგმენტი იპოვეს. ცხელ კვალზე დანაშაულში ბრალდებული სამი პირი დააკავეს. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია, ორს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ხოლო მათ მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობაში. ეს უკანასკნელი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნიდან გასვლას ცდილობდა.
გამოძიების ცნობით, მკვლელობა წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი შარაშენიძეს კონფლიქტი ჰქონდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის მეგობრებთან, ბადუკა ნათობაძის გამო. ამ ვერსიის მიხედვით, ეს უკანასკნელი შარაშენიძის მეგობარი იყო, დაკავებულები კი ჯოხაძეების მეგობრები არიან.
​შეგახსენებთ, სოსო ჯოხაძე გასული წლის 2 სექტემბერს ვაკეში, მანქანაში ჩაცხრილეს და ბრალდებული სწორედ ბადუკა ნათობაძეა. სოსო ჯოხაძის მკვლელობიდან მალევე, დაიწყო საუბარი, რომ მოსალოდნელი იყო ნათობაძის სამეგობროზე შურისძიება. მაშინ ნათობაძის ფეხმძიმე ცოლიც წავიდა საქართველოდან, მის ოჯახს კი სამართალდამცველები იცავდნენ. თავად ბადუკა ნათობაძე სამარტოო საკანში გამოკეტეს. როგორც ამბობდა, ჯოხაძემ ცოლის თვალწინ მას შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ მოკლა.
ამ საქმეში არ ფიგურირებდა გიორგი შარაშენიძე, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჯოხაძეების „საძმოსთვის“ მთავარი იყო, ნათობაძის რომელიმე მეგობარზე ეძიათ შური და გიორგი შარაშენიძე შეარჩიეს.
“შემთხვვევის ადგილის ახლოს ვცხოვრობ. იმ საღამოს ოთხი გასროლის ხმა გავიგონე. გარეთ გავედი და დავინახე, რომ ჩემი სახლიდან 3-4 სახლის იქით ხალხი ირეოდა. დაჭრილი უკვე წაეყვანათ საავადმყოფოში. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ. გიორგი კონფლიქტში შემჩნეული არავის გვინახავს. გაიჟღერა ჯოხაძეების გვარმაც, ისინი ადრე ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ,თუმცა მერე სხვაგან გადავიდნენ. იმ საქმესთან რა კავშირშია ეს მკვლელობა, ვერ გეტყვით, თუმცა ეს ვერსიაც არსებობს“, – აცხადებს ადვოკატი ნონა ფილაური.
„ ჩვენი ინფორმაციით, 26 წლის გიორგი შარაშენიძეს ადრეც დაესხნენ თავს, მაგრამ მაშინ სიკვდილს გადაურჩა. დაისაჯნენ თუ არა თავდამსხელები, ან რა იყო თავდასხმის მოტივი, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის გიორგი შარაშენიძის რამდენჯერმე ჰქონია პრობლემები ე.წ. ბიოს მოხმარების გამო“, – წერს „კვირის პალიტრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები