„ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა ფუნდამენტურად შეიცვალო“

პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემას ვცვლით, რადგან გვქონდა ძალიან ცუდი გამოცდილება, როცა ამ სისტემის გამოყენებით ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩოხატაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულმა სისტემამ მისცა წინა ხელისუფლებებს საშუალება, ჩამოეყალიბებინათ ნახევრად ავტორიტარული ან ავტორიტარული მმართველობა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პირველად ხდება საქართველოში ის, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს საკუთარი ხელით იუარესებს და ეს კეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის საერთო ინტერესი იყოს დაცული.
”ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. დღეს მოქმედებს საარჩევნო სისტემა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში დაბალი რაოდენობით არიან წარმოდგენილი. ჩვენ ფუნდამენტურად განსხვავებულ სისტემაზე – შერეული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ. დღევანდელი სისტემა სამართლებრივი კუთხით კრიტიკის საგანი ვერ იქნება, მაგრამ პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემას ვცვლით, რადგან გვქონდა ძალიან ცუდი გამოცდილება, როცა ამ სისტემის გამოყენებით ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და ეს სისტემა გამოიყენა ბოროტად, ხელისუფლების უზურპაციისთვის. ამ სისტემამ მისცა წინა ხელისუფლებებს საშუალება, ჩამოეყალიბებინათ ნახევრად ავტორიტარული ან ავტორიტარული მმართველობა. სწორედ ამ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა ფუნდამენტურად შეიცვალოს და დღეს არსებული შერეული მოდელიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები