ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო დუბლინში მსოფლიო ენების მრავალფეროვნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, ქართულ დიასპორასთან ერთად, პირველად მიიღო მონაწილეობა დუბლინში ენებისა და კულტურული მრავალფეროვნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სახელწოდებით „Live, Love, Learn Languages – Language Fair”.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება რიგ კულტურულ აქტივობებს მოიცავდა, მათ შორის ენის გაკვეთილს, მხატვრული კითხვის მარათონსა და სხვადასხვა ფოლკლორულ ნომრებს.
ქართული ენის გაკვეთილს გაუძღვნენ ქართველი სტუდენტები ანა იჩქიტიძე და ქეთევან გოლეთიანი, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში ევროკავშირის პროგრამის „Erasmus+” დაფინანსებით სწავლობენ. ღონისძიების ფარგლებში დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქართული სიმღერის ანსამბლმა “Mixed Melodies” ზიზი ნანობაშვილი-ლოფტუსის ხელმძღვანელობით, შეასრულა ხალხური მრავალხმიანი სიმღერები, ხოლო მხატვრული კითხვის მარათონზე ქართული პოეზიის ნიმუშები წაიკითხა ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა რუსუდან ბენდელიანმა.
ირლანდიაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ირლანდიაში ქართულ დიასპორას ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და დიდად აფასებს მათ წვლილს ირლანდიაში ქართული ენისა და კულტურის წარმოჩენის საქმეში.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები