საბერძნეთში მომხდარი ქართველი ქალის მკვლელობის დეტალები – „ბერძენმა ექიმმა პაციენტის გვამი მდინარეში გადააგდო“

საბერძნეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, “კვირასთან” თსალონიკში, საქართველოს მოქალაქის, 3 შვილის დედის მკვლელობის შესახებ დეტალურად საუბრობს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 36 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით, ადგილობრივმა პოლიციამ ბერძენი ექიმი ათენში დააკავა. ექიმი ამჟამად, თსალონიკის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
„4 მაისის საღამოს საათებში, ბერძნულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ თსალონიკის „იპოკრატიოს“ საავადმყოფოში, 38 წლის ბერძენმა მამაკაცმა, ანგიოქირურგმა, მისი ნაცნობი, 36 წლის პაციენტი ქალი მოკლა. ამის შემდეგ, ექიმმა გარდაცვლილის გვამი ხალკიდიკის რაიონის ზღვისპირა სოფელ პალიურიში (თსალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) გადაიტანა და მდინარეში ჩააგდო.
თუმცა ჯერ კიდევ 26 აპრილს, ღამის საათებში, თსალონიკის თეთრი კოშკის პოლიციის განყოფილებას ქართველი ქალის, სამი შვილის დედის მეუღლემ, ცოლის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განცხადებით მიმართა. მამაკაცმა პოლიციელებს უამბო, რომ მისმა მეუღლემ ქვედა კიდურებზე არსებული ვენების ვარიკოზის გამო, მიკროქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით, ზემოაღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა, რის შემდეგაც ქალი სახლში უკან აღარ დაბრუნებულა. მეუღლე მასთან ვერც მობილური ტელეფონით დაკავშირებას ახერხებდა.
პოლიციამ მაშინვე საავადმყოფოს მიაკითხა და მოიძია ექიმი, რომელიც აღნიშნულ ოპერაციაზე იყო პასუხისმგებელი. ანგიოქირურგმა დასაწყისში ყველაფერი უარყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მას მიუთითეს, რომ პაციენტს იცნობდა და მეტიც, ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე ფეისბუქის მეშვეობით, განაცხადა, რომ აღნიშნულ პაციენტს ოპერაცია კი გაუკეთა, მაგრამ შემდეგ სახლში წავიდა და მის შესახებ აღარაფერი სმენია.
საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ექიმის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს, რადგან მისი მონაყოლი თავიდანვე წინააღმდეგობებს შეიცავდა. სამართლდამცავებმა საავადმყოფოს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი მოითხოვეს, საიდანაც გაირკვა, რომ ანგიოქირურგმა ავტომანქანაში გვამი ჩადო. ამის შემდეგ, ექიმი ავტომანქანით ხალკიდიკის მიმართულებით გაემართა, სადაც იგი სოფელ პალიურის მიდამოებში, მობილური სატელეფონო კავშირის ანტენის მონაცემების მეშვეობით დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ თავად ანგიოქირურგი, ფაქტების მოყვანამდე, ხალკიდიკიში მოგზაურობას უარყოფდა.
პოლიციის მიერ გადამოწმდა, ანგიოქირურგის სატელეფონო კავშირებიც და დადგინდა, რომ მას მკვლელობამდეც ჰქონდა მსხვერპლთან სატელეფონო კონტაქტი. ექიმი, ვინაიდან მის მიმართ ოფიციალური ბრალდება არ იყო წარდგენილი, ათენში, ნეო ირაკლიოში, მშობლების სახლში დაბრუნდა, თუმცა პოლიციას მასზე თვალთვალი არ შეუწყვეტია.
ბოლოს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ 3 მაისს, 36 წლის ქალის გვამი აღნიშნული სოფლის მიდამოებში აღმოაჩინეს. 4 მაისს, ბერძენი ექიმი სასამართლოს მიერ სათანადო ორდერის საფუძველზე დააკავეს და თესალონიკში გადაიყვანეს, სადაც 5 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგა. ცნობილია, რომ ამ დრომდე, ანგიოქირურგი ახსნა-განმარტებებს არ იძლევა, ასე რომ, გაურკვეველია, რას ჰქონდა ადგილი – მოხდა თუ არა ექიმის მხრიდან რაიმე პროფესიული შეცდომა, რის გამოც 36 წლის ქართველი ქალი დაიღუპა და ექიმმა, შეცდომის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტა გვამის გადამალვა. თუმცა, ეს ვერსია დაუდგენელია, რადგან დროის იმ პერიოდში საოპერაციოში არც ანესთეზიოლოგი და არც ექთანი არ იმყოფებოდნენ. ასევე უცნობია, იყო თუ არა მკვლელობის მოტივი ინტიმური ხასიათისა – ყველაფერი ნათელი გახდება ანგიოქირურგის მიერ დანაშაულის აღიარების შემდეგ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს ძალიან გაუჭირდა დასკვნების გაკეთება გვამის გახრწნის მაღალი ხარისხის გამო და ამიტომ, ვერ მოხერხდა სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა. აღინიშნა ჩანაჭდევები და ჭრილობები ქვედა კიდურებზე, მაგრამ არ ჩანს სიკვდილის გამომწვევი, რომელიმე ღრმა ტრავმის კვალი. ექსპერტები მეტ ინფორმაციას ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების შედეგებიდან ელოდებიან. თუმცა ექსპერტიზით უკვე დადგინდა, რომ პაციენტს გარდაცვალებამდე ანესთეზიოლოგიური საშუალება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ის არც საინექციო და არც ინტუბაციური გზით არ მიუღია.
ამ ეტაპზე, ერთადერთი, რაც უტყუარია და რასაც ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ადასტურებენ, გარდაცვალების დროა – 26 აპრილი, 17 საათი და 45 წუთი“, – ჰყვება „კვირასთან“ ერთ-ერთი ემიგრანტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თესალონიკში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარებისთვის არ მიუმართავთ. თუმცა, საკონსულოს წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პოლიციას უკვე შეატყობინა. საკონსულოს წარმომადგენელი თვალყურს ადევნებს ადგილობრივი პოლიციის საგამოძიებო მოქმედებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები