დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომა სრულად დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი შონიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც შონიამ აღნიშნა, საქმეში არსებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომელთა გამჟღავნება საინტერესოა საზოგადოებისთვის. ამასთან, მოსამართლის თქმით, ამ პირების პირადი მონაცემების საჯაროდ გამოტანა მათი თავისუფლების ხელყოფა იქნება.
სხდომის დახურვის მოთხოვნით, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. პროკურორების მოთხოვნას ადვოკატები არ დაეთანხმნენ. სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო თავად ბრალდებულიც.
ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ საქმე ეხება სასულიერო პირს, შესაბამისად, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში არსებული მორალური და ზნეობრივი წესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის საზოგადოებას მიეწოდოს ყველა ის პერსონალური ინფორმაცია, რაც გამოძიებამ მოიპოვა. დაცვის მხარემ შუამდგომლობის საპასუხოდ, აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ლახავს საპატრიარქოს იმიჯს, არ აზიანებს მართლმადიდებელი საზოგადოების რწმენას.
დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, რომ სასამართლოს ობიექტურობა საჯაროობაზე გადის, შესაბამისად, სხდომებს მედია უნდა ესწრებოდეს, რათა საზოგადოებამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს. სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო თავად გიორგი მამალაძეც.
“ჩემი სურვილია სხდომა იყოს საჯარო, დასამალი არაფერი არ მაქვს, მგონი, აქ ჩემ პირად ცხოვრებას არ განვიხილავთ, ბრალდებასთან დაკავშირებით კი დასამალი არაფერი არ მაქვს”,- აღნიშნა ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები