გიორგი აბდალაძე: მემუქრებოდნენ, რომ ჩემ თვალწინ პატიმრებს გააუპატიურებდნენ

“მემუქრებოდნენ, რომ ჩემ თვალწინ გააუპატიურებდნენ პატიმრებს და შემდეგ მათთან საკანში ჩამსვამდნენ”, – განაცხადა ფოტოგრაფების საქმეზე, დავით დევნოზაშვილის ბრალდების ეპიზოდზე დაზარალებულმა გიორგი აბდალაძემ, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაიკითხა.
დაზარალებულმა აბდალაძემ საქმეში მონაწილე ამ დრომდე უცნობი გვარები დაასახელა. მისი თქმით, ერთ-ერთი ვიქტორ ყაჭეიშვილია, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია. აბდალაძის ჩვენების თანახმად, სწორედ ყაჭეიშვილის მხრიდან იყო მუქარა გაუპატიურების შესახებ. საქალაქო სასამართლოში აბდალაძე 2011 წლის 7 ივლისის მოვლენებს დეტალურად იხსენებს.
“მემუქრებოდნენ, რომ ჩემ თვალწინ გააუპატიურებდნენ პატიმრებს და შემდეგ მათთან საკანში ჩამსვამდნენ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი და გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ, მემუქრებოდნენ შვილის სიცოცხლით“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
​აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს ბრალდებული დავით დევნოზაშვილიც ესწრება. ცნობისათვის, ფოტოგრაფების საქმეზე უკვე დაკითხეს ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.
​პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა. კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ასევე, ბრალდებულია ალექსანდრე მუხაძე, რომელიც იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები