ხვალ ქუთაისში „ევროპის დღე 2017“ აღინიშნება

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს პარლამენტის წევრები და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ხვალ, ქუთაისში ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ „ევროპის დღე 2017“-ის აღნიშვნას დაესწრებიან. ღონისძიებათა სერია 15:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას და პარლამენტის წევრის, გიორგი კანდელაკის საჯარო ლექციით დაიწყება.
სტუმრები ისაუბრებენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ და ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. 17:00 საათზე, სტუმრები ეწვევიან ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი,ახალგაზრდული თამაშის – „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ გამარჯვებულ გუნდს გამოავლენენ. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი და საქართველოს პარლამენტის წევრები.
​თამაშში „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ ქუთაისის სკოლების მოსწავლეებისაგან შემდგარი 15 გუნდი (სულ 150 მოსწავლე) მიიღებს მონაწილეობას. სამი საათის განმავლობაში გუნდები, სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში, ევროკავშირის შესახებ ცოდნაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებულად გამოცხადდება ის გუნდი, რომელიც ევროკავშირის დროშაზე არსებული ვარსკვლავების საჭირო რაოდენობის შეგროვებას პირველი შეძლებს.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია შედგება პარლამენტის შენობაში, თბილისში, 2017 წლის 11 მაისს. დღე ბენდ „მუზეუმის“ ღია კონცერტით დასრულდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. ქუთაისში ჩატარებული #ევროპისდღე2017 საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეულის ნაწილია. აღნიშნულ საქმიანობას პარლამენტი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით. პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეული მოიცავს საჯარო ლექციებს საქართველოს რვა უნივერსიტეტში და ახალგაზრდულ ღონისძიებებს ქუთაისში.კვირეული ევროპის დღის აღსანიშნავად გამართული ოფიციალური მიღებით 11 მაისს დასრულდება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები