გიორგი ტაბატაძე: საქართველოს მოქალაქეები ზედმიწევნით კარგად იცავენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს

“ძალიან კარგი და სასიხარულოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ზედმიწევნით კარგად იცავენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა.
როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების შესვლის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, დაკვირვების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 10-დან 15 000 მოქალაქის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკან გამოაბრუნეს, ტაბატაძე აცხადებს, რომც ჯერ არც აღნიშნული მიმართულებით არსებობს სტატისტიკა, თუმცა დაახლოებით, 25 – 30 ადამიანია უკან გამობრუნებული.
”ევროკავშირთან მიმართებაში, სტატისტიკა ცოტა მოგვიანებით კეთდება, მაგრამ ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, რამდენიმე ათეული ადამიანი, დაახლოებით, 25 – 30 ადამიანია უკან გამობრუნებული იმ მიზეზით, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ მოკლევადიანი მგზავრობის პირობებს, ან ერთხელ უკვე იმყოფებოდნენ და ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა ჰქონდათ დაწესებული. ეს მაჩვენებელი დიდი ნამდვილად არ არის. ძალიან კარგი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები ზედმიწევნით კარგად იცავენ უვიზო მგზავრობის პირობებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც ასე კარგად დაიცავენ და ჩვენ ამ მხრივ, პრობლემები არ შეგვექმნება”, – განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები