ვანო ზარდიაშვილი უჩა ნანუაშვილს: სხვა ბოსტანში გადახვედით და იქიდან აფასებთ სიტუაციას

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობს, ომბუდსმენსა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რაშიც სახალხო დამცველიცაა ჩაბმული.
„აგიხსნით ახლა, რა არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია – მაგალითად გადაცემა „არჩევანში“ სათაური იქნებოდა ასეთი – ”როგორ ფლანგავს უჩა ნანუაშვილი ხალხის ფულს”, ნაჩვენები იქნება 140 ათას ლარიანი მანქანა, რომელიც თქვენ იყიდეთ თქვენი მოადგილესთვის. შემდეგ როგორ არღვევს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებს და ნაჩვენები იქნება შრომითი დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც თქვენ დაარღვიეთ ადამიანის უფლებები სასამართლოში. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რასაც ეწევიან სასამართლოს მიმართ”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მხრიდან ომბუდსმენის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად. სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტი არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებების, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0,01%, იმ პერიოდში არაერთი ადამიანი, მათ შორის თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და ამაზე სატელევიზიო რეპორტაჟებიც არსებობდა, ისინი თქვენ ზეწოლაში გადანაშაულებდნენ, კერძოდ, თქვენ უკრძალავდით ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას.“, – მიმართა ნანუაშვილმა ზარდიაშვილს.
სახალხო დამცველის საპასუხოდ, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის ფუნქციებიდან გავიდა.
„2012 წელს მანდატურები მთხოვდნენ, რომ წასულიყვნენ აქციაზე სამუშაო საათებში. ახლაც რომ ვმუშაობდე, ახლაც ვერ გავუშვებ. წარმოიდგინეთ ციხე ბადრაგის გარეშე – ასევეა სასამართლო მანდატურის გარეშე. რაც არ უნდა კომიკური იყოს, თქვენ – სახალხო დამცველი მახსენებთ ჩემს პირად ცხოვრებას და ბიოგრაფიას. მე მელაპარაკებით, რომელიც ვიყავი სამოქალაქო პირი, მართლმსაჯულებაზე, პროცესებზე, გადაწყვეტილებებზე. ბატონო უჩა, რელსებს აცდით, ხომ ხვდებით, ახლა ჩვენ ვნახეთ როგორ ჩამოიხსნა სახალხო დამცველმა ნიღაბი და რეალურად, როდესაც თქვენ ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეთ, აბსოლუტურად სხვა ბოსტანში გადახვედით და იქიდან აფასებთ სიტუაციას”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები