ნუკრი ქანთარია „დიდგორობის“ შესახებ: „გაგიბედავენ იმდენს, რამდენსაც გააბედინებ“

„დიდგორობის“ სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტის ავტორები საკანონმდებლო ინიციატივის უკან გატანას არ აპირებენ”, -ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ნუკრი ქანთარიამ ისაუბრა.
​ქანთარიას თქმით, აღნიშნული საკითხის მიმართ ხელისუფლების გაუბედაობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი გამოამჟღავნა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანა თავად უნდა იყოს საკუთარი ჭირისა და ლხინის განმკარგავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „გაგვიბედავენ იმდენს, რამდენსაც გავაბედინებთ“.
​ქანთარია იმედოვნებს, რომ კანონპროექტი დღის სინათლეს იხილავს და კენჭისყრაზე გავა.
„ძალიან ვწუხვარ და მტკივნეულია ჩემთვის, რომ კანონპროექტმა, რომლის მიზანიც იყო წარსულთან თანაზიარობა, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო შინაგანი კონსოლიდაცია და ერთგვარი მუხტი გაჩენილიყო მომავალი წარმატებებისთვის, ბევრი უარყოფითი სიმპტომი გამოამჟღავნა – გამოამჟღავნა ხელისუფლების ზედმეტი სიფრთხილე, გაუბედაობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი. ჩვენ ბევრი სიმწარე გავიარეთ დამოუკიდებლობის გზაზე, დავკარგეთ ტერიტორიები, მიზანი იყო ის, რომ თავად ვყოფილიყავით ჩვენი ჭირისა თუ ლხინის განმკარგავი. ჩვენ, კანონპროექტის ინიციატორები, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შეფერხებულია, მის უკან გაწვევას არ ვაპირებთ. კანონპროექტი უნდა გავიდეს კენჭისყრაზე. პროცესი შეფერხებულია უხილავი ძაფებით. ერთადერთი იყო ჩვეულებრივი, ადამიანური აზრი, თურქეთის ელჩის, მე ეს მოვისმინე არაოფიციალურ გარემოში. იმის იქეთ რა ხდება, არ ვიცი, ფაქტი ერთია, რომ არ ინიშნება კანონპროექტის მოსმენა. ეს უკვე გარკვეული პრინციპის ამბავია. ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი დღესასწაული, მათ შორის ჩვენს მეგობარ და პარტნიორ თურქეთსაც. ისინი 30 აგვისტოს საბერძნეთზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ზოგადად, გაგიბედავენ იმდენს, რამდენსაც აბედინებ. ეს მომავლისთვისაც გარკვეული მინიშნება უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი, ადრე თუ გვიან, დღის სინათლეს იხილავს და კენჭისყრაზე გავა. მანამდე, ვთხოვდი ყველას, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს შიდა მთლიანობას, შიდა სიმტკიცეს, იმას, რაც თითქოს თვალხილული არ არის, მაგრამ განწყობა უმთავრესია. თუ მოსახლეობაში განწყობა ჩამოიშალა, ვერანაირ სერიოზულ ტვირთს ჩვენ ვერ ვზიდავთ. ინიციატორები, მიუხედავად პოლიტიკური ნებისა, ვითხოვთ, რომ კანონპროექტი დღის სინათლეზე გამოვიდეს“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები