„მოსამართლეების კრიტიკა არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ეს შეურაცხყოფის გზით არ უნდა ხდებოდეს“

​სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” ეხმაურება და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას დაუშვებლად მიიჩნევს. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა პოზიციები არ იყო თანხვედრი, ერთიანი და მომზადებული, რომელიც სასამართლოს და მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას შეეხებოდა, რამაც საზოგადოებაში მოსალოდნელი გაურკვევლობა და საწინააღმდეგო შეფასებები გამოიწვია.
„ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც სასამართლოს საჯარო კრიტიკის შეზღუდვის მიზანს მოემსახურება, სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას შეაფერხებს და სასამართლო სათანადო ავტორიტეტიც ვერ იქნება საზოგადოებაში წარმოდგენილი, რაც დაუშვებელია. დაუშვებელია მოსამართლის შეურაცხყოფა და ამ თვალსაზრისით, ჩვენ გულგრილად არ უნდა დავტოვოთ დოკუმენტში წარმოდგენილი გამონათქვამების ხარისხი და მიზანი, ვინაიდან ბევრი მათგანი ნამდვილად შეურაცხმყოფელია. მიუღებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანის ან ინსტიტუციის შეურაცხყოფა, ლანძღვა და დაუმსახურებელი კრიტიკაც კი. საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს და შეთანხმდეს სამოქალაქო კულტურის სტანდარტზე. ამ თვალსაზრისით, კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოს სისტემის ან ადვოკატთა კორპუსის ან რომელიმე ინსტიტუციის შეურაცხყოფის დაშვება. დემორალიზებულ სისტემაში შეუძლებელია ყველაზე მაღალი მიზნის – ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ამდენად, მისაღებია სასამართლო სისტემის წარმომადგენელთა პრეტენზიები პროფესიული ღირსების დაცვისთვის, თუმცა ორგანიზაცია არ ეთანხმება მიდგომას – პროცესის მონაწილე მხარის ზღვარგადასული გამონათქვამები განზოგადდეს და აღნიშნული საფუძველი გახდეს, დაწესდეს სანქციები, რითაც პირდაპირ შეიზღუდება ყველაზე მაღალი კონსტიტუციური პრინციპი და საზოგადოებრივი სიკეთე – გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
კაიკაციშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოს კრიტიკის ფარგლებში, მისი ხარისხის მიუხედავად, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გახდეს კრიმინალიზებული ან საკანონმდებლო დონეზე შემოღებულ იქნეს ადმინისტრაციული სანქციები.
„ მოსამართლეების მიმართ კრიტიკა არ უნდა შეიზღუდოს, თანაც, ეს შეურაცხყოფის გზითაც არ უნდა ხდებოდეს. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადება უნდა დაზუსტდეს. საჭიროა, საზოგადოება გაეცნოს ინიციატივას დოკუმენტის სახით და არსებობდეს დისკუსიის და მსჯელობის საშუალება, მათ შორის, ჟურნალისტური კორპუსის მონაწილეობით. საკითხის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა და ადვოკატთა კორპუსმა“,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
​ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუკი დოკუმენტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, სასამართლოს შეურაცხყოფის ფაქტების დადგენას ითვალისწინებს, ჟურნალისტური კორპუსის მონაწილეობით შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები