ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩებს უილიამ კორტნის და კენეტ იალოვიცს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს  ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გამყარება წარმოადგენს, რაც დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებიც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიზანიც წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე დაძაბულობის შემცირებაა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკონსტიტუციო რეფორმას, მის მიზნებსა და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს. ირაკლი კობახიძემ  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილა.
საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩებმა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით ხედვები და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები