მარიამ ჯაში და დიმიტრი ცქიტიშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლებს – ჩანტალ ოლტამარსა და ჩანტალ ფელდერს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა საქართველოში ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი თანამშრომლობა და გენდერული თანასწორობის კუთხით შესაძლო კოოპერაცია იყო. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, დეპუტატებმა სტუმრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2017 წელს დაგეგმილი ღონისძიებები და ის კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რომელიც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის ზრდას გამოიწვევს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„სტუმრებს გავაცანით ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს კანონის აღსრულების მექანიზმების მონიტორინგს, განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობასთან და ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე ინფორმაციით, წელს პარლამენტი 2 ძირითად ინიციატივაზე გაამახვილებს ყურადღებას.
„პირველი არის სტამბოლის პროტოკოლის, ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. წლის ბოლომდე, უკვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება გადადგმული პარლამენტის მხრიდან. 2 მოსმენით საკანონმდებლო პაკეტი უკვე მიღებულია. მეორე მიმართულება იქნება არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ფინანსური მოტივაციის თემების დახვეწის საშუალებას მოგვცემს, როგორც გარდამავალ ნაბიჯს კვოტირების ან სხვა ალტერნატიული ჩართულობის თვალსაზრისით”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები