ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს

“დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა, როგორც კობახიძე აცხადებს, საკითხთან დაკავშირებით, კონსენსუსი მიიღწევა.
„არის განსხვავებული მოსაზრებები, ვიცით, რომ არიან მათ შორის მაჟორიტარები, რომელებიც ეწინააღმდეგებიან, მათ შორის, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ჩვენ გვქონდა პირველადი განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, სადაც გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები.
გვაქვს დიდი იმედი, რომ კონსენსუსი მიიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში, კონსენსუსის რესურსი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არსებული შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამის რესურსი არსებობს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხმათა დანაკლისის გამო, პრობლემები არ შეექმნება.
„ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს დეპუტატებთან იგივე არგუმენტებით, რა არგუმენტებიც დღეს წარმოვადგინეთ. გაქვს ძალიან ნეგატიური გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია შერეული სისტემისა არსებობასთან, კერძოდ, ორჯერ მოხდა ბოროტად გამოყენება ამ სისტემის ნეგატიური პოლიტიკური მიზნებისათვის და ეს არის ჩვენი მთავრი არგუმენტი. იურიდიული კუთხით, არსებული სისტემაც არის გამართული, თუმცა პოლიტიკურმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ამ სისტემას აქვს სერიოზული ნაკლოვანება და შეიცავს სერიოზულ რისკებს, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს საპარლამენტო დეპუტაციასთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები