პარლამენტის თავმჯდომარე: პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით საუბარი სპეკულაციაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მის უფლებამოსილებას არ შეზღუდავს და ახალი მოდელი ევროპულ საპარლამენტო პრაქტიკას აყალიბებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, გარკვეული ფენები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ხელს უწყობენ.
“ერთია, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და მეორე, როდესაც პარტიას საკუთარი კანდიდატი ჰყავს. საუბარი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს ახალი მოდელი აყალიბებს სუპერ საპრემიერო მმართველობას, ახალი მოდელი აყალიბებს ევროპულ საპარლამენტო პრაქტიკას. არავითარ ჭარბ ძალაუფლებაზე საუბარი არ არის, ეს საზოგადოების სიცრუეში შეყვანაა. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით საუბარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა”, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია გასული წლის ბოლოს შეიქმნა. საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს მხარი 22 აპრილს დაუჭირა. კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მონაწილეობდა. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, რის შემდეგაც ის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება.
პარლამენტში ცვლილებებზე მუშაობის პარალელურად, მმართველი გუნდი დოკუმენტს საერთო საყოველთაო განხილვისთვის ამზადებს, შესაბამისად მის შემუშავებაში უკვე მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები