ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს უფლება აქვს, კონსტიტუციურ კანონპროექტს ვეტო დაადოს

“პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უფლება აქვს, კონსტიტუციურ კანონპროექტს ვეტო დაადოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების გამო ვერავინ გააკრიტიკებს, რადგან მას ამის უფლება აქვს.
“თუ ის ცვლილებებს არ იზიარებს, მას უფლება აქვს, კონსტიტუციურ კანონპროექტს ვეტო დაადოს”, – აღნიშნა კობახიძემ.
იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციურ პროექტს ვეტოს დაადებს, მისი გადალახვა პარლამენტს მოუწევს, ხოლო ხელმოწერა და გამოქვეყნება – პარლამენტის თავმჯდომარეს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია გასული წლის ბოლოს შეიქმნა. საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს მხარი 22 აპრილს დაუჭირა. კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მონაწილეობდა. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, რის შემდეგაც ის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება.
პარლამენტში ცვლილებებზე მუშაობის პარალელურად, მმართველი გუნდი დოკუმენტს საერთო საყოველთაო განხილვისთვის ამზადებს, შესაბამისად მის შემუშავებაში უკვე მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები