ირაკლი კობახიძე: მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც ბარიერს გადალახავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც ბარიერს გადალახავს.
როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მედიასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში დღეს არასწორი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული.
„რეალურად, არის ოთხი სუბიექტი პარლამენტში წარმოდგენილი და ჩამოყალიბებულია 11 საპარლამენტო ფრაქცია. ეს მთლიანად წინააღმდეგობაშია ევროპულ ტრადიციებთან. ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციის დონეზე, მოვაწესრიგოთ ეს საკითხი და მომავალ პარლამენტში რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, იმდენი ფრაქცია შეიქმნება“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო კომისიის შიგნით სრული კონსენსუსი შედგა.
როგორც კობახიძე განმარტავს, საქართველოს პარლამენტის ნაწილში ძლიერდება ოპოზიციის უფლებები სხვადასხვა კუთხით. მან საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებაზე ისაუბრა.
„დღეს უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე და ეს უფლება იქცევა უკვე უმცირესობის უფლებად. კერძოდ, პარლამენტის წევრთა 1/3-ს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – დასძინა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები