პრეზიდენტი ჯარისკაცებს: ვამაყობთ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე მიულოცა.
გიორგი მარგველაშვილი IV მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. ამ დღეს სიამაყით ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი ადამიანების, იმ ჯარისკაცების პროფესიულ დღეს, რომელმაც თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი ცხოვრება, თავისი პროფესიონალიზმი მიუძღვნეს უწმინდეს სამშობლოს დაცვას.
თანამებრძოლებო, თქვენ მძიმე და საპატივცემულო მისია აირჩიეთ ცხოვრების გზად.
იყო სამშობლოს დამცველი, რთულია ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ეს მისია განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხარ საქართველოს ჯარისკაცი, იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად თავისი რაოდენობრივი სიმცირისა, მიუხედავად მტრის სიძლიერისა, ამაყად დაუსახავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა თავის მიზნად.
საუკუნეების განმავლობაში თქვენ და თქვენი წინამორბედები ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებთ ჩვენ სამშობლოს ღირსებას და დამოუკიდებლობას. ამ რთული მისიის აღსრულებისას, თქვენ იცით, რომ ხართ დიდგორისა და ბასიანის შთამომავლები, თქვენ ხართ მარტყოფისა და ბახტრიონის შთამომავლები. თქვენი თანამებრძოლები იყვნენ კვინიტაძე და მაზნიაშვილი, თქვენ რიგებში იდგა და თქვენ შორის დადიოდა გმირი გიორგი ანწუხელიძე.
ამიტომ, საქართველოს მოქალაქენო, ვამაყობთ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით თითოეული დღისთვის იმ სამსახურისა, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მსახურობენ, მამაცობისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვამაყობთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოში და რასაც წლებია აკეთებთ საქართველოს გარეთ მაშინ, როდესაც იცავთ საერთაშორისო სიმშვიდეს და გლობალურ უსაფრთხოებას.
დღეს პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ამ დიდ მისიას თავი შესწირა.
თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც ჯანმრთელობა დაკარგა, ვინც დაშორებულია ოჯახს და ემსახურება სამშობლოს, ვუცხადებ პატივისცემასა და საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების სახელით მადლიერებას.
თქვენ იცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. თქვენ აძლევთ რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობას აშენონ ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. თქვენ ქართული იარაღის ღირსება საერთაშორისო მისიებში გახადეთ მართლაც საამაყო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე IV მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა და შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელობის მემორიალი გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები