სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

 ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. მომავალ ვეტერინარებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი შეხვდნენ. ნოდარ კერესელიძემ ხაზი გაუსვა ვეტერინარის პროფესიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსოფლიო ორგანიზაციების მიერ დაწესებული პროფესიული დღე საქართველოში მეხუთე წელია აღინიშნება, რაც ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალი თაობისთვის მოტივაციის ამაღლებაა. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან. პროფესიული განვითარების მიზნით, პერიოდულად ვხვდებით სტუდენტებს და ვთავაზობთ პრაქტიკულ სწავლებებს”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა. სააგენტოსა და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) წარმომადგენლებმა სტუდენტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტები და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არამიზნობრივ გამოყენებას გულისხმობს. წელს ვეტერინარიის მსოფლიოს დღის მთავარი თემა ანტიმიკრობული რეზისტენტობაა. ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება აქტუალური და პრობლემურია მსოფლიოს მასშტაბით. ამ კუთხით, მსოფლიოს ვეტერინარები მნიშვნელოვანად მიიჩნევენ პროფესიული ცნობიერების ამაღლებას, რათა შემცირდეს პრეპარატების არასწორად გამოყენების ფაქტები.
ღონისძიების ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სტუდენტებმა დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა, გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები. ვეტერინარიის მსოფლიო დღე ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა. ვეტერინარიის მსოფლიო დღე მსოფლიო ვეტერინარიის ასოციაციისა (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ 2000 წელს დაარსდა და, ტრადიციულად, აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები