გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ ვაფასებთ და ვიზიარებთ დასავლელი პარტნიორების ფუნდამენტურ ღირებულებებს

„საქართველოში მტკიცედ სწამთ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალის, ჩვენ ვაფასებთ და ვიზიარებთ დასავლელი პარტნიორების ფუნდამენტურ ღირებულებებს“ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესახებ, რაშიც, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წვლილი მიუძღვით ამერიკელ პარტნიორებს.
„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს თითქმის 4 მილიონს და რომელსაც აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა. მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა.
გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო მსოფლიოში.
საქართველო განლაგებულია აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ გავხდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი აბრეშუმის გზის გაყოლებაზე, ვაკავშირებთ რა ერთმანეთთან ქვეყნებს პეკინიდან ბრიუსელამდე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, რეგიონს სჭირდება საქართველო, როგორც ეკონომიკური და ნორმატიული ცენტრი.
„საქართველო არა მხოლოდ მზად არის, შეასრულოს დერეფნისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის როლი ჩვენს რთულ რეგიონში, არამედ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იყოს აშშ-ის საყრდენი, სანდო პარტნიორი და ჩვენი საერთო პოლიტიკური, სავაჭრო და უსაფრთხოების ინტერესების ერთგული დამცველი.
გარდა უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას ჩვენი ახლო პოლიტიკური ურთიერთობების მტკიცე საფუძველზე, ძალიან მალე ამერიკასთან ორმხრივმა ვაჭრობამ შეიძლება მილიარდ დოლარსაც გადააჭარბოს.
საქართველოში მტკიცედ სწამთ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ვაფასებთ და ვიზიარებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფუნდამენტურ ღირებულებებს. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება და სიმტკიცე ჩვენი მიზნების მიღწევის გზაზე და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩს – იან კელის მიმართა.
„ამ 25 წლის განმავლობაში, ჩვენ გავიცანით აშშ-ის ღირსშესანიშნავი ელჩები საქართველოში. ისინი არ არიან მხოლოდ პროფესიონალი დიპლომატები და ოფიციალური პირები, რომლებსაც მოეთხოვებათ თავიანთი ადმინისტრაციის გზავნილების გავრცელება. არა! ისინი არიან საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილები, რომლებიც ერთგულებენ ამ ქვეყანასა და მის მომავალს. ძვირფასო ელჩებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის საქართველოს ჩამოყალიბებაში ისეთ სახელმწიფოდ, როგორსაც ჩვენ დღეს ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები