პრემიერი: აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გვერდში უდგას

„ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გვერდში უდგას საქართველოს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს იმ წარმატებისთვის, რომელიც აქვს მარტო არ მიუღწევია და გვერდში ედგნენ პარტნიორები.
”ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გვერდში უდგას საქართველოს. მოკლე ისტორიულ პერიოდში ჩვენმა პატარა ქვეყანამ დაძლია სიღარიბე, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და მისი ნაწილის ოკუპაცია მეზობლის მიერ, რომელიც სიდიდით ბევრად აღემატება საქართველოს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად გარე თუ შიდა გამოწვევებისა, ჩვენ მაინც შევძელით 70-წლიანი ტოტალიტარული მმართველობით დაკნინებული ქვეყნის გარდაქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ.მართალია, წინ კიდევ დიდი შრომა გველოდება, მაგრამ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა საქართველოს ჩამოყალიბება სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატიის მქონე ქვეყანად.
რასაკვირველია, ამ წარმატებისთვის ერთპიროვნულად არ მიგვიღწევია. ჩვენ გვერდში მეგობრები და მოკავშირეები იდგნენ, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ დავალებული ვართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ვალის დაბრუნება და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, ყოფილი ელჩები, პარლამენტარები და ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები