“აშშ უყურებს საქართველოს, როგორც ერთგულ მეგობარს – სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს”

„აშშ უყურებს საქართველოს, როგორც ერთგულ მეგობარს – სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „აშშ გვერდში გვედგა ჩვენი შეიარაღებული ძალების გაწვრთნასა და შეიარაღებაში, ასევე დემოკრატიის განმტკიცებაში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის ჩართულობამ აგვაცილა კატასტროფა“.
„თავად მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ამერიკის მთავრობამ, როგორც საერთაშორისო დონორული ძალისხმევის მონაწილემ, ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად. გარდა ამისა, აშშ-ის აქტიური ხელშეწყობით საქართველომ მიიღო დაფინანსება ინფრასტრუქტურის განსავითარებლად და ეფექტიანი კადრების მოსამზადებლად, რისთვისაც განხორციელდა ინვესტიციები განათლების სფეროში, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიის სფეროში, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში – ყოველივე ეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ორი კომპაქტის წყალობით. 2009 წელს საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც დღესაც წარმოადგენს ჩვენი ფართო და სულ უფრო მზარდი ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დადგენის მთავარ მექანიზმს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, აშშ უყურებს საქართველოს, როგორც ერთგულ მეგობარს – სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს.
„ჩვენ ამერიკელი მეგობრების გვერდიგვერდ ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში, ასევე წვლილი შეგვაქვს აფრიკის უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთაზე. გარდა ამისა, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა მომავალშიც ვიყოთ ჩვენს რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მისაბაძი მაგალითი. ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიული ტრაექტორიისა და მისი შეუქცევადობისადმი, რისთვისაც გადადგა არაერთი ნაბიჯი, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით და დამთავრებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, ყოფილი ელჩები, პარლამენტარები, ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები