სოზარ სუბარი: კარგი იქნება, ყველა კუთხეს და მათ შორის, ჩემს სვანეთსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მაჟორიტარულ სისტემას მხარს უჭერს.
როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნება, თუ საქართველოს ყველა კუთხეს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება.
„როცა ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე, რაღაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ. გაკეთდა არჩევანი, რომ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკა ნიშნავს ამ მოდელში სრულად ჩაჯდომას. ვინმეს რომ არ ეფიქრა, ეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ არის მიმართული და თითქოს, ვიღაცას ეშინია მარგველაშვილის, რომ არ ეთქვათ, რომ რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ვნიშნავთ პრეზიდენტს, კი ბატონო, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება, მაგრამ შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით და თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020-ში, 2023 წელს იმ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი, მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ პროცესს ემიჯნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ ოპოზიციისა და ექსპერტების შეთავაზება მიიღო, რომელსაც თვითმმართველობები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და პარლამენტი ერთად ირჩევენ.
დევნილთა და განსახლების მინისტრი მაჟორიტარული სისტემის ცვლილების საკითხსაც გამოეხმაურა.
„მე მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ სისტემას და რის გამოც დათმობაზე მივდივართ, ეს არის ჩვენი გუნდის გარკვეული ნაწილის პოზიცია. ბევრი უჭერს ჩვენთან მხარს პროპორციულ არჩევნებს და პლუს ოპოზიციის მუდმივი მოთხოვნა. მე, როგორც ერთი-ერთი ისტორიული კუთხის შვილს, მიმაჩნია, რომ კარგი იქნება ყველა კუთხეს და მათ შორის, ჩემს სვანეთსაც ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, თავისი ხმა პარლამენტში. ამ მხრივ, ასევე, არ მომწონს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ხმებს დაახლოებით თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა ლაპარაკია მაგალითად, ტრადიციულ კუთხეებზე და განსაკუთრებით მთის რეგიონებზე, სადაც ნაკლები მოსახლეობაა, იქ განსხვავებული წესი უნდა იყოს და ასეთ რაიონებს უნდა ჰყავდეთ თავისი მაჟორიტარები პარლამენტში, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ვეთანხმები იმ მოდელს, რომელზეც ახლა ჩვენ გადავდივართ, მაგრამ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ოპოზიცია აქაც ქმნის პრობლემას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები