საქართველოში გაეროსთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტი იგეგმება

საქართველოს გაეროსთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან. საინფორმაციო ტურის ფარგლებში, უცხოელი დიპლომატები გაეცნობიან საქართველოს, მისი მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს.
ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ იუსტიციის სახლს და ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს. გაეროსთან აკრედიტებული ელჩები მოინახულებენ ოკუპაციისა და ეროვნულ მუზეუმებს, ასევე, ტექნოლოგიურ პარკს. მუდმივი წარმომადგენლები თბილისის სხვა ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან.
გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ეწვევიან ქ. ბათუმს, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სარფის გამშვებ პუნქტს. ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმსაც დაათვალიერებენ და ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, ორგანიზაციაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საქართველოს, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ყოველ წელს სტუმრობენ. ტური მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ასევე, გაეროს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები