უწყებათშორისი სწავლება „ინფო 2017″

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017″-ში მიიღეს მონაწილეობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული.
კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დახურა და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ლევან იზორიამ და მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მისი მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, ჰიბრიდული ომის პირობებში, საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპების და კოორდინაციის დახვეწაა.
„ინფო 2017″ სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „დიდგორი 2017″-ის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები