მამუკა სალუქვაძე: ჩვენ არ გვითქვამს, რომ „ელიავას ბაზრობა“ უნდა დაიხუროს, შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში

„ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა-არ გადატანის საკითხს მერია წყვეტს და ბაზრობის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოს“ – ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
სალუქვაძე განმარტავს, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობა არ იხურება. მისი თქმით, შეთავეზებულია იდეა, თუ როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში. სალუქვაძის განცხასებით, ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა/არ გადატანის საკითხს მერია წყვეტს და ბაზრობის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოს.
„ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ბაზრობა, ასეთი ვარიანტი ჩვენ არ წარგვიდგენია. გენგეგმის ჯგუფი ნებართვას ვერ გასცემს გადატანა/არ გადატანაზე, ეს არის მერიის გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში, ისე რომ თითოეული იქ მომუშავისა და მესაკუთრის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. შეთანხმება უნდა მოხდეს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მესაკუთრეებს შორის. 15 მაისს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი გეგმის საბოლოო ვარიანტი დამკვეთს, შემდეგ დაიწყება საჯარო განხილვები. საკითხისადმი ინტერესი დიდია. ჩვენ მზად ვართ, ყველა შენიშვნა, რომელსაც კონსტრუქციული ხასიათი ექნება, გავითვალისწინოთ და ავსახოთ გეგმაში”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ ახალგაზრდა ფინანსისტთა მიერ გამართულ შეხვედრაზე, სადაც გენერალური გემის შესახებ შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინეს.
სალუქვაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის პროექტი ნანახი აქვს, თუმცა ამბობს, რომ საკითხი განხილვის საგანია.
“განხილვის საგანია, რამდენად მისაღებია ასეთი ფუნქციის იქ დატოვება და არა პერიფერიებისკენ გადატანა. „ელიავას ბაზრობა“ სერიოზული ბრენდია, ბევრი მომხმარებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენ ალტერნატივები შევთავაზოთ მათ”, – აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები