პროექტის PAFAI შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნული პროექტი საქართველოში 2015 წლიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის (BFC) მმართველმა დირექტორმა, მაიკლ კორტენბუშმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზნები და მიღებული შედეგები გააცნო.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, პროექტი, რომლის მიზანიც ფინანსებზე და დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა იყო, წარმატებით განხორციელდა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელსაც აგრარული დარგის განვითარებისთვის უკვე წლებია შვეიცარიის სახელმწიფოს მხრიდან ვიღებთ. როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე გამართული აგროდაზღვევის სისტემის კომპონენტი გადამწყვეტ როლს ასრულებს ფერმერებისა და მეწარმეების საქმიანობის წარმატებაში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
„10 წელზე მეტია, შვეიცარია საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში ეხმარება. 2015 წლიდან პროექტი PAFAI ფერმერების ფინანსებსა და დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით მუშაობდა. პროექტმა საკუთარი წვლილი შეიტანა ღირებულებათა ჯაჭვის დაფინანსების სქემების შექმნის საქმეში, ხოლო სადაზღვევო ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის კუთხით, შემუშავდა მიდგომები, რომლებიც შეამცირებს უზუსტობების რაოდენობას ასანაზღაურებელი ზარალის დაანგარიშებისას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას შვეიცარიის თანამშრომლობის 2017-2020-ის სტრატეგიის ფარგლებში“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, ოლივიერ ბურკიმ.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი საკონსულტაციო კომპანია ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგი (BFC) იყო, რომელიც ციურიხშია (შვეიცარია) დაფუძნებული, საქართველოში აქტიურად 2003 წლიდან მუშაობს და რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფინანსური სექტორის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. ​
პროექტის შედეგების წარდგენას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინიტროს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, საქართველოს სადაზღვევო კომპანიების (ალდაგი, ჯი-პი-აი ჰოლდინგი, არდი და აი-სი ჯგუფი), სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები