თბილისის მცხოვრებთათვის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მცხოვრებთათვის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტმა მოიკლო 2.5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ თბილისში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზარდოს. ტყემალაძემ ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეახსენა, რომ სატრანსპორტო კომპანიებთან ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად აღნიშნულ კომპანიებს ტარიფის ნებისმიერ დროს გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდათ, დედაქალაქის ხელისუფლებაში სწორედ მათი ყოფნის პერიოდში გაფორმდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს საკითხი, რომლის თანახმად, თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.
როგორც გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მოექცა. შესაბამისად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით თბილისში მგზავრთა გადამყვან კომპანიებს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეღავათი გაეწიათ და ისინი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
“რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ კომპანიებს ყოველთვიური გადასახადი შეუმცირდათ და სწორედ ამის ხარჯზე სამი წლის განმავლობაში ტარიფების ზრდა აღარ მოხდება”,-აღნიშნა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები