თბილისში, ნოდარ დუმბაძის დარბაზი გაიხსნა

ნოდარ დუმბაძის ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ნოდარ დუმბაძის დარბაზი გაიხსნა. დარბაზის კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. დარბაზში მისულ ადამიანებს შეეძლებათ, გაეცნონ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას.

გია გაბრიჭიძე, ჟურნალისტი:  ჩემი ბავშვობიდან ნოდარ დუმბაძე შემოვიდა, როგორც მზე. მზის მოყვარული და მზის სახარება. მან მომცა ყველანაირი სტიმული იმის, რომ უფრო გავრკვეულიყავი ლიტერატურაში. ნოდარ დუმბაძე თავისი ცხოვრებით, წარსულით, იმედი იყო.

ლაშა თაბუკაშვილი, დრამატურგი: ჩემთვის ძვირფასია ყველაფერი, რაც ბატონ ნოდარ დუმბაძესთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს დღევანდელი დღე, რომელიც თავისი მშვენიერებით არის წარმოჩენილი. ნოდარ დუმბაძე თვითონ გვახსენებს ხოლმე თავს ძალიან ხშირად. პირადად მე მაქვს ეს მისტიკური შეგრძნება, რომ ბატონი ნოდარი დღეს აქ არის.

 

 

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:  დღეს ჩვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსის რეაბილიტაციის ფარგლებში დავიწყეთ ძალიან სერიოზული დარბაზის გახსნით, მათ შორის არის ნოდარ დუმბაძის დარბაზის გახსნა, რომელიც მულტიფუნქციურია, იმიტომ, რომ ერთი მხრივ გულისხმობს ფონდს, მეორე მხრივ გულისხმობს სამკითხველო დარბაზს და ამავდროულად – ბაღს, რომელიც იქნება ბაღ-სამკითხველო. აქ მოვლენ ბავშვები, შეხვდებიან მწერლებს, წაიკითხავენ ტექსტებს და ა. შ.

 

 

 

ქეთი დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის შვილი:  ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, იმიტომ, რომ დღეს ასრულდა ჩემი დიდი ხნის ოცნება – შექმნილიყო ისეთი ადგილი, სადაც ნოდარ დუმბაძის ფონდი გააკეთებდა ბევრ სასიკეთო საქმეს ქართველი მწერლებისთვის და გიორგი კეკელიძეს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, რომელიც გამოეხმაურა ამ ყველაფერს და არაჩვეულებრივი სივრცე დაგვითმო. აქ გაიმართება ლიტერატურული შეხვედრები მოზარდებთან, სტუდენტებთან, ასაკოვან ადამიანებთან, აქ იქნება ძალიან ბევრი პრეზენტაცია, გამოფენა და მე ვპირდები ყველას, რომ აქაურობა გაცოცხლდება.

 

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი:  ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზი ღია იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა, ძირითადად ბავშვებზე იქნება ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომობის ინკლუზიურობის თვალსაზრისით ის ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.

მარიამ ჯაში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე:  ეს არის არა მხოლოდ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, არამედ, ფოტოარქივები, ოჯახის არქივიდან წარმოდგენილი სხვადასხვა მასალები და არის არაჩვეულებრივი გარემო ბავშვებისა და მოზარდების მოსაყვანად, რომ მათ კიდევ ერთხელ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ ბატონი ნოდარის შემოქმედებას და შეიყვარონ მისი ფენომენი.

ნანული გუგუნავა-დუმბაძე, ნოდარ დუმბაძს მეუღლე: იმდენად ჩემში ჩაჯდა ეს ყველაფერი, რომ გამოთქმა არ შემიძლია ამ სიხარულის, ამხელა სიყვარულის ნოდარის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ საქმის გაკეთებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები