თბილისში დაკარგული პატარა პოლიციამ იპოვა

თბილისში, პასტერის ქუჩაზე 4 წლის ბავშვი გაუჩინარდა. მისი პოვნა სამართალდამცველებმა მალევე შეძლეს და მშობელს უვნებლად მიუყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პატარას დედა – თამთა გრძელიშვილი ავრცელებს.
როგორც დედასთან დაბრუნების შემდეგ 4 წლის ილიამ დედას უამბო, გვერდით ქუჩაზე რვეულების საყიდლად წავიდა.
“როგორი ბედნიერი ვარ ახლა რომ ვპოსტავ და საერთოდ, ცოცხალი რომ ვარ, იმიტომ, რომ ამ დილით გავიარე ჯოჯოხეთი, რომელიც ჩემმა 4 წლის შვილმა დაუზარლად მომიწყო. ასეთი ტრადიცია აქვს, როცა სახლიდან გავდივართ, სანამ კარს ვკეტავ, ჩამორბის ხოლმე მაღაზიაში ( სახლის ქვემოთ) და იქ მელოდება, ჩამოვაკითხავ (ერთ წუთში) და მივაპორწიალებ ბაღში.
ჩამოვედი ამ დილით და არ დამხვდა, არც კი შემოსულაო მითხრეს. შემოვირბინე ყველა მაღაზია, ყველა ეზო, ყველას ვეკითხებოდი: პატარა ბიჭი დამეკარგა, მწვანე დუტით, ხომ არ გინახავთ?! კაციშვილი მისი მნახველი არ იყო. წარმოვიდგინე, როგორ ვურეკავ მამამისს და ვეუბნები,- დილა მშვიდობისა! იცი რა, ბავშვი დავკარგე! თვალწინ დამიდგა home alone- ით დაწყებული manchester by the sea -ით დამთავრებული ყველა ჰორორ ფილმი ამ თემაზე ოდნავ კავშირშიც კი..
გამახსენდა ლეკიანობა და მამლუქები. გავჭაღარავდი და ყველაფერი დამემართა წამებში, რაც სასოწარკვეთილ ადამიანებს ემართებათ ხოლმე. პირველი ხუთი წუთი ვფიქრობდი, რომ აი, გავწიწკინი რომ ვნახავ. მერე უკვე- ღმერთო, ოღონდ ვიპოვო! 112- ში მეკითხებიან: ხომ არ ეჩხუბეთ და პროტესტის ნიშნად ხომ არ გაიქცა?
არა, ხალხო, რა ვეჩხუბე. კი იძახის ხოლმე, რომ მოგზაურია, მაგრამ რაღა ამ დილით მოუნდა! ამასობაში მთელი პასტერის ქუჩა ეძებს, ათას კითხვას ვპასუხობ… მეგონა, მთელი ცხოვრება გავიდა, არადა, 15 უგრძესი წუთი…
მოვიდა პატრული და პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი- აღმაშენებელზე უპოვიათ და …
გადავრჩით …მოდიოდა ხალხი, ყველას უნდოდა ილიას ნახვა, ის კი მეხუტებოდა და ყურში მეუბნებოდა, დედა რვეულებს ხო მიყიდი”,- წერს თამთა გრძელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები