რამაზ საყვარელიძე: საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა შეცდომა იყო

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ნაადრევად მიიჩნევს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საქართველოში არ არის საპარლამენტო რესპუბლიკისთვის აუცილებელი პოლიტიკური კულტურა, არ არის ძლიერი პარტიები. პარტიების სისუსტის გამო კი, მისი თქმით, დგება საშიშროება, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საერთოდ ერთპარტიული გახდეს.
„საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა შეცდომა იყო. საპარლამენტო რესპუბლიკა ევროპისთვის არის ტიპიური იმის გამო, რომ მაშინაც კი, როცა დაამკვირა დემოკრატია, იმ მომენტამდე უკვე ჰქონდა ევროპას შექმნილი პარტიები. პარტიული კულტურა მათთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო. ჩვენთან პარტიები ძალიან სუსტები არიან. ისედაც გვაქვს ტენდენცია, რომ ერთი პარტია ავირჩიოთ და საპარლამენტო რესპუბლიკით, ძალაუნებურად, მივდივართ იმისკენ, რომ ერთპარტიული იყოს პარლამენტი. ერთპარტიული პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ძალიან სახიფათოა. შეიძლება, მივიღოთ ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს. ჯერ უნდა შექმნილიყო ძლიერი პარტიების რეალობა და მერე დავფიქრებულიყავით, გადავსულიყავით თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. საპარლამენტო რესპუბლიკას ერთი ხარვეზი აქვს – მას ვადა არ აქვს . თუ ერთი ჯგუფი მოვიდა ხელისუფლებაში, მას შეუძლია იყოს განუსაზღვრელი ვადით, განსხვავებით პრეზიდენტისგან, პრეზიდენტს ვადა აქვს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
​რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის ახალ წესს, საყვარელიძის თქმით, რეალურად პრეზიდენტს განცხადებების კეთების და ვეტოს დადების უფლება აქვს, ამიტომ ის თვლის, რომ საერთო სახალხო არჩევნებით, ვეტოს დადების უფლების მქონე ადამიანი აირჩიო, „ცოტა უხერხულია“.
​„საერთო სახალხო არჩევნებით ვეტოს დადების უფლების მქონე ადამიანი აირჩიო, ცოტა უხერხულია. დიდი პოლიტიკური კულტურის და დიდი ენერგიის მქონე ადამიანისთვის ეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, სადაც მას არაფრის უფლება აქვს, ბორკილი იქნება. ზედმეტად ენერგიული ადამიანისთვის პრეზიდენტის სავარძელი ძალიან ვიწროა. მოსახლეობას სურს, რომ პირდაპირი წესით იქნას არჩეული პრეზიდენტი, მაგრამ მოსახლეობა პრეზიდენტში გულისხმობს ძველ პრეზიდენტს, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები