“ჩვენი კონსტიტუცია კურტიზანს ჰგავს, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და ამ მეძავს ყველა ისე ექცევა, როგორც სურს“

პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ, კონსტანტინე გამსახურდიამ კონსტიტუციის ახალი პროექტი გააკრიტიკა და ხელისუფლება კონსტიტუციის მორგებაში დაადანაშაულა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომელთა ნაწილიც დემოკრატიული სამყაროსთვის შეუსაბამოა. გამსახურდიამ საქართველოს კონსტიტუცია იმ მეძავს შეადარა, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და როგორც სურთ, ისე ეპყრობიან.
„კონსტიტუცია არავისთან შეთანხმებული არ არის თავად უმრავლესობისა და რამდენიმე არასამთავრობოს გარდა, რომლებისთვისაც კონსტიტუციაზე მნიშვნელოვანი საკუთარი გრანტებია. ჩვენს ქვეყანაში ყველა ხელისუფლება თავისი მოსაზრებების, თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გადააკეთებდა ხოლმე კონსტიტუციას. ჩვენი კონსტიტუცია სამეფო კარის კურტიზანს ჰგავს, რომელიც ყოველი ახალი მეფის ხელში გადადის და ამ მეძავს ყველა ისე ექცევა, როგორც სურს. კონსტიტუციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ტერიტორიული მოწყობა,,რომელიც პროექტში გამოტოვებულია. ჩვენ გვიწერია ფედერალური მოწყობის და ორპალატიანი პარლამენტის შესახებ. არაფერი მსგავსი პრაქტიკაში არ არის. საკონსტიტუციო კომისიამ ეს თემები უბრალოდ, გამორიცხა. ამაზე მსჯელობა არ ყოფილა“, – აღნიშნა გამსახურდიამ.
​გამსახურდიამ განსხვავებული ხედვა წარმოადგინა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრეზიდენტი სამასი „ხმოსანის” ნაცვლად, ყველა იმ მოქმედმა და ყოფილმა დეპუტატმა უნდა აირჩიოს, რომელიც 1990 წლიდან პარლამენტის წევრი ყოფილა.
„ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს 300-მა “ხმოსანმა”. ასეთ სიტუაციაში ის იქნება უმრავლესობის დანიშნული პრეზიდენტი და არა სახალხო. უფრო დემოკრატიული იქნებოდა, თუკი პრეზიდენტს აირჩევდა 1990 წლიდან დღემდე არჩეული ყველა ის დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში 6 თვე მაინც აქვს გატარებული. ის უნდა აირჩიოს ყველა იმ დეპუტატმა, ვინც ოდესმე ყოფილა პარლამენტის წევრი გამსახურდიას მთავრობიდან დაწყებული“,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
გამსახურდიასთვის სკანდალურია მანდატების განაწილების წესი და მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად შეუსაბამო და შეუფერებელია დემოკრატიული სამყაროსთვის. მისი თქმით, სახელისუფლებო პარტიები ასეთი ფორმით ახერხებენ მანდატების მოპოვებას საქართველოში, რითაც ისინი არჩევნების მანიპულირებას ახდენენ . გამსახურდიამ კონსტიტუციის პროექტის იმ ჩანაწერზეც გააკეთა აქცენტი, რომელიც ბლოკების აკრძალვას გულისხმობს. მისი თქმით, ბლოკების აკრძალვის შემთხვევაში, აუცილებელია საარჩევნოდ დადგენილი 5% იანმა ბარიერმა 2%-მდე დაიწიოს.
„ ყოვლად წარმოუდგენელია ის, რომ ბლოკები იკრძალება და არის 5%- იანი ბარიერი. ბლოკი არის მსგავსი პოლიტიკური პლატფორმის, მსგავსი პროგრამების და პოლიტიკური კონცეპტის პარტიების გაერთიანება, რომ ხმები არ დაიყოს. ბლოკების აკრძალვით, შედეგად, ხმები დაიყოფა . იმ ქვეყნებში, სადაც ბლოკები აკრძალულია, ბარიერია დაბალი. თუ ჩვენ ბლოკებს ავკრძალავთ, ბარიერი უნდა იყოს 2%. 5%-იან ბარიერს 2 პარტიის გარდა, ვერავინ გადალახავს და პრაქტიკულად, ხელისუფლებამ ასეთი კანონის მიღებით, ორპარტიული სისტემა დააკანონა“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები