საქართველოს მთავრობამ ნახევარ განაკვეთზე და ღამის საათებში მუშაობის წესები დაამტკიცა

​მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება შეიძლება მიეცეს მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე, ორსულობის პერიოდში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე. ნახევარ განაკვეთზე გადაყვანილი მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.
“მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად, დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით; ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე; გ) მოხელე ქალის შემთხვევაში – მშობიარობამდე; დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე”, – აღნიშნულია დადგენილებაში.
ამასთან, დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.
„მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს ეძლევა ერთსაათიანი შესვენება, რომელიც ითვლება სამუშაო დროში. მოხელე, რომელიც მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღე დასვენების ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ღამის საათებში მუშაობის დაწესების შესახებ, უნდა იქნას განსაზღვრული ღამის საათებში მუშაობის განრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ვადებს“, – ნათქვამია დადგენილებაში.
გარდა ამისა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია, გადაყვანილ იქნას დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. მოხელეს ღამის საათებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი, რომლის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები