ნინო ტაბიძის ავტობიოგრაფიული წიგნის – „ცისარტყელა განთიადისას“ წარდგინება გაიმართება

25 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება ღონისძიება – „მე დავიბადე აპრილის თვეში“ (საუბრები ტიციან ტაბიძეზე). როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, ნინო ანდრიაძე წარადგენს ნინო ტაბიძის ავტობიოგრაფიულ წიგნს – „ცისარტყელა განთიადისას“.
ტიციან ტაბიძის მეუღლის, ნინო ტაბიძის (მაყაშვილი) მოგონებების წიგნი ფასეული მემუარული ხასიათის ნაწარმოებია. მკითხველი ეცნობა ქართული ლიტერატურის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის ავტორისეულ რეკონსტრუქციას, იღებს უაღრესად საყურადღებო ცნობებს ტიციან ტაბიძის, „ცისფერი ყანწების“, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის თბილისის კულტურული სიტუაციის, საბჭოთა კულტურული სინამდვილის, ტიციან ტაბიძესთან დამეგობრებული რუსი მწერლების შესახებ.
ნინო ტაბიძემ მოგონებების წერა რუსულ ენაზე 1934 წელს დაიწყო და  1960-იანი წლების დასაწყისამდ გააგრძელაე; როგორც ოჯახის წევრები იგონებენ, უკვე ასაკოვანი, იგი მათ ჰკარნახობდა წიგნის ზოგიერთ ეპიზოდს.
ნინო ტაბიძის ავტობიოგრაფიული წიგნის ამ გამოცემაში აღდგენილია გამოტოვებული ფრაგმენტები; ასევე, ჩაემატა სხვადასხვა პირის, მათ შორის ბორის პასტერნაკის პირადი წერილები, რომლებიც შესულია რუსულ გამოცემაში, და ნინო ტაბიძის რამდენიმე პირადი წერილი ბორის პასტერნაკისადმი, რომელიც პირველად ქვეყნდება; ტექსტს დაერთო კომენტარები.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები