საქართველოს კულტურის პალატა სტუდენტებისთვის უპრეცედენტო პროექტს იწყებს

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, უპრეცენდენტო პროექტი “გაუფრთხილდი ისტორიას” იწყება. ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა, „ვაჟა ფშაველას ფონდის“ თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა და „რუსთაველის თეატრის“ მსახიობმა, მანანა ბარბაქაძემ ისაუბრეს.
როგორც დავით ოქიტაშვილმა განმარტა, პროექტში ცნობილი ხელოვანები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იქნებიან ჩართული. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თეატრის მსახიობები უმაღლეს სასწავლებლებს ეწვევიან და სპეციალურად სტუდენტებისთვის იქ სპექტაკლებს და შეხვედრებს გამართავენ.
„პროექტის მიხედვით, რუსთაველის, მარჯანიშვილის და პანტომიმის თეატრები და ხელოვნების წარმომადგენლები, თვითონ მიდიან უმაღლეს სასწავლებლებში, თვითონ ატარებენ იქ სპექტაკლებს, შეხვედრებს…მოხდება სტუდენტებთან გასაუბრება. ეს უპრეცენდენტო პროექტი დეკემბრამდე გაგრძელდება და 300-მდე ღონისძიებას მოიცავს“, – აღნიშნა ოქიტაშვილმა.
​საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის თქმით, პროექტის მასშტაბური გახსნა 30 აპრილს აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე გაიმართება, რაშიც მონაწილეობას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მიიღებენ. მისივე თქმით, გახსნაზე სტუდენტების ნახატების და სხვადასხვა სახის ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას გამართავენ. ღონისძიება კი 26 მაისისადმი იქნება მიძღვნილი. პროექტი სტუდენტებს კიდევ ერთ საინტერესო შანსს აძლევს.
​როგორც ლელა რაზიკაშვილმა განმარტა, პროექტი მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდა თაობაში ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია მოხდეს. სწორედ ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, ჩატარდება ფესტივალი „ჩემი ვაჟა“. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ამ სახელწოდებით 8-15 წუთამდე დოკუმენტური ფილმი შექმნან ვაჟაზე და კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.
„ ვაჟა-ეს პირობითია, ვაჟაში მე ღირებულებებს ვგულისხმობ , ვაჟა და რუსთაველი არიან მამტკიცებელი იმის, რომ ჩვენ ჩვენი ღირებულებითი სისტემით ვართ ერთიანი ევროპასთან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ იფიქროს ვაჟაზე და ესსეს სახით მივაწოდოთ პატარა დოკუმენტური ფილმი იმაზე, თუ როგორ გადასცეს სხვას ემოცია და ინფორმაცია ვაჟას ღირებულებების შესახებ. ვაჟაზე ვინც მეტს იფიქრებს, ის „მეტი ადამიანი“ გახდება. იქნება ხელოვანთა წრიდან დაკომპლექტებული ჟიური. ღონისძიება ძალიან საჯარო და ინტელექტუალური იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ხარისხის კამერით იქნება ფილმი გადაღებული, მთავარი მიზანია ვაჟას ღირებულებების ოსტატურად, ადვილად და სხარტად ასახვა მოხდეს. სამი გამარჯვებული ფილმი ჩვენი პროექტის მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერით გადაიცემა. ეს ძალიან დიდი სტიმული იქნება სტუდენტებისათვის, მათი მომავალი წარმატებებისთვის. გარდა ამისა, იქნება ფულადი პრიზი და სხვადასხვა ჯილდოები“, – აღნიშნა ლელა რაზიკაშვილმა.
​პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი სპექტაკლი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ხვალ დაიდგმება. როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობმა, მანანა აბრამიშვილმა განაცხადა, ხვალ სპექტაკლი „სტუმარი“ დაიდგმება.
​„სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა გახლავთ, რეჟისორია გოჩა გორგოშიძე. რაც შეეხება პროექტს, ძალიან კარგი პროექტია. სტუდენტებთან მეტად დასაახლოებლად საჭიროა, ჩვენც მივიდეთ მათთან და ვითამაშოთ. ამის მერე, უფრო მეტად მოუნდებათ სტუდენტებს, რომ მოვიდნენ თეატრში“, – აღნიშნა აბრამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები