სასკოლო თეატრალური ფესტივალის – “ARTსკოლის” დასკვნითი საღამო გაიმართება

3 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სასკოლო თეატრალურ ფესტივალ “ARTსკოლის” დასკვნითი საღამო გაიმართება.
როგორც „კვიეას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პატრონატით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი “ART სკოლა” წელს უკვე მეორედ იმართება. ფესტივალი ითვალისწინებს სკოლების შემოქმედებით ცხოვრებაში მონაწილეობას. სასკოლო თეატრალურ ფესტივალ ” ART სკოლის” პირობები საკონკურსოა. ფესტივალისთვის  მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ სპეციალურად უნდა დაწერილიყო პიესა, მოთხრობა, ეტიუდი, ჩანახატი, რომელსაც მონაწილე სკოლების შემოქმედებითი ჯგუფები წარმოადგენენ სცენაზე მცირე სპექტაკლის სახით (ქრონომეტრაჟი 25-45 წუთი).
სკოლების თეატრალურ ჩვენებებს შეაფასებს 5-კაციანი ჟიური –  პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, დრამატურგი – ნინო  სადღობელაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მრჩეველი – შოთა მაღლაკელიძე, მუსიკოსი – გიგა ჯღარკავა, რკინის თეატრის მსახიობი – გოგა ტრაპაიძე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში: საუკეთესო მსახიობი გოგონა, საუკეთესო მსახიობი ვაჟი, საუკეთესო პიესის ავტორი, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება. ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და სპეციალური პრიზები. ხოლო გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა გრან-პრი – გარდამავალი პრიზი. ყველა მონაწილე სკოლა დაჯილდოვდება სიგელებით და ეროვნული ბიბლიოთეკის სპეციალური პრიზებით – წიგნებით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაზღვევო კომპანია ”ალფა”, კომპიუტერული კომპანია ”ჯეობიტი”, სუხიშვილების აკადემია, მოზარდმაყურებელთა თეატრი.
ფესტივალი გაიხსნება 24 აპრილს მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე ათი საჯარო სკოლის საკონკურსო ჩვენებით.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები