“სუფთად ევროპისკენ” – დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო “სუფთად ევროპისკენ“ დასუფთავების კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
დასუფთავების მასშტაბური აქცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის მოადგილეებმა ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების 200 – მდე თანამშრომელთან ერთად მიიღეს. აქციაში მონაწილეობა ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ აპარატის თანამშრომლებთან ერთად მიიღო. აქციას, ასევე, შემოუერთდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის სტუდენტები, 107 -ე, 99-ე, 85 -ე საჯარო სკოლის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და მოხალისეები.
თბილისში, სხვადასხვა წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სამინისტროებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, მუნიციპალიტეტებმა, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.
მთელი კვირის განმავლობაში, დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში, 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.
კამპანიის ფარგლებში, 26 აპრილს, გარემოს დაცვის მინისტრი და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კონკურსს გამოაცხადებს თემაზე:
● სუფთა რეგიონი
● სუფთა ქალაქი
● სუფთა მუნიციპალიტეტი
● სუფთა სოფელი
● სუფთა ქუჩა
● სუფთა ეზო
კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.
კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ამერიკელმა სენატორმა, გეოლორდ ნელსონმა მას შედეგ დაარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ. ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სანქციებს:
– მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
1. 2 – კგ.მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის,
ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. 2 კგ.-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის
ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
7. 2 კგ. ან 2 კგ.-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის
მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. 1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მხრიდან გარემოს დაბინძურების ფაქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები